понедельник, 12 мая 2014 г.

ულაპარაკოდ ურაკპარაკზე

გადავწყვიტე გამოვაცხო
ლექსი ურაკპარაკზე,
დამეწვიეთ ყველა წევრი 
დღეს საღამოს ვახშამზე,
ცომი კარგად მოვზილე და 
მარილიც არ აკლია,
"დუხონკაში" შევაგდე და
დოვუხურე კარია
ეხლა უნდა დაველოდოთ
ამოვიდეს ბისკვიტი
უწინ თქვენს ყბას ჩავარდნილი
თავს ვერაფრით ვიხსნიდი
იფ, რა სუნი დატრიალდა
შეხე.. ოხ,  რავარია?!
სულ ესაა ყველაფერი 
ლექსი გამომცხვარია.

ვიცი მოვა საღამოზე
ერთი კაი კაცია,
იტყვის ვა რა სურნელია
სიმღერა და ვალსია?
ჩემები კი დამიწერენ
ხუთიანებს წონიანს,
სხვები წაიჭორავებენ
კექსიც კარგი ცოდნია.
მერე მოვლენ ისეთებიც 
როგორც ხდება ურაკზე,
ცომს ცომად დამიწუნებენ,
ნულს მტკიცებენ დუმაზე
ხმაც არ უნდა ამოვიღოთ
ვიყოთ ულაპარაკოდ,
ამას ქვია სამართალი?
დიდო ურაკპარაკო???

31/მარტი/2014 წლისა

მომენატრა თბილისი

მომენატრა თბილისი, 
კარს აპრილი აწყდება,
ფეისბუქის საიტზე 
Like-ები არ წყდება.
ჩამოვალ და ჩაგკოცნით, 
ვინც რომ ჩასაკოცნია.
ჩავიხუტებ მკლავებში, 
ვინ რომ ჩასახუტია.
საჩუქრებსაც მოგართმევთ
ორჯერ ორი = ოთხია.
დაგიჭერთ და ჩაგბურჯგნით,
ვინც რომ ჩასაბურჯგნია.
არ გავიგო ჩხუბი და 
აღარც კიდე ბუტია....
ვისაც ჩვენი შეშურდეს, 
მისკენ იყოს ცუდია.
უცხო მხრიდან მოსული,
მოგიყვებით მის ამბებს,
ჩინეთის იმპერიის 
დინასტიად  ციანებს
თქვენც მითხარით ქართული,
ცხელი ინფორმაცია
ვატყობ პოლიტიკაში 
არის დეფორმაცია.
უცხოელი "მოყვარე"
აფინანსებს აქციას?
ლ.გ.ბ.ტ. განაგრძობს
ერის დეგრადაციას?
ლარის კურსი მითხარით
ქალია თუ კაცია?
ისევ ისე გამაგრდა
თუა დევალვაცია?
უცბად არ მომახალოთ
ელდამ არ გამაცია
ოცნებაა უმანკო? თუ...
მოხდა დეფლორაცია?
მმართველობის ოცნების
თვე მოსულა ოცია
ბოლოს ისე გამოდის
ყველა ნაცი ქოცია.


30/მარტი/2014წლისა

არც ერთი

ღიმილი უამრავია  
და სიხარული არც ერთი.
ირგვლივ სულ.. ყველგან სექსია
სიყვარული კი არც ერთი.

მრავალი შეცოდებაა 
და თანადგომა არც ერთი.
აზრი ხომ ბევრზე ბევრია
ჭეშმარიტი კი არც ერთი.

სუყველა უმადურია
და მადლიერი არც ერთი
ყველა ხომ კაი კაცია
საქმეში კიდევ არც ერთი.

აქ მხოლოდ შიათ, სწყურიათ
არ გამომძღარა არც ერთი
აქ სასამართლო ბევრია 
სამართალი კი არც ერთი.

29.მარტი.2014
შანხაი. P.R.C.

გული თუ გულობს

ლექსად არ ვარგაო, 
ვიღაცა იტყვის და...
ქართულ ხმალს დაუწუნებს ვადას,
თუ გული გულობს და
სული თუ ბობოქრობს 
მაშინ იჭმევაო ქადა.

უთქვამთ ჩვენ წინაპართ
ობოლისა კვერიო,
ცხვა.. ცხვა.. გამოცხვაო ბოლოს
ჭირსა და ვარამსაც, 
დარდსაც და ტკივილსაც
ყვალაფერს ბოლო აქვს ბოლოს.

ლექსად არ ვარგაო, 
ვიღაცა იტყვის და...
ქართულს დაუწუნებს ენას
თუ გული გულობს და 
სული თუ ბობოქრობს
ვერავინ დაგვაკლებს ვერას.

მერე რა მოხდა, მერე რა მოხდა...

გუშინ დავეცი... 
სულ დავარღვიე
რაც კი აღმითქვამს შენთვის პირობა,
გვერდით ეშმაკი გულს მიმშვიდებდა
მერე რა მოხდა, მერე რა მოხდა.

ქვეყანას ჭირშიც ვერ დავუდექი,
ისე როგორაც  მესმის გმირობა
ჩემმა "მოყვარემ" კულისებიდან
ამომაძახა, მერე რა მოხდა.

მეგობარს სულში..
ძმას გულში დაჭრილს,
ვერა ვუშველე, ორივე წახდა.
იქვე იუდა გამომესარჩლა
მერე რა მოხდა, მერე რა მოხდა.

ვერც რწმენას ვიცავ,
ვერც მართალ სიტყვას,
რომელიც ქრისტე იესომ მოგვცა
ლიბერალებმა შემომითვალეს
მერე რა მოხდა, მერე რა მოხდა.

წინაპრის ფესვებს,
წინაპართ ნაშრომს
მტვერი დაედო, ტვინი დაობდა
გუშინ მომწერეს ახალგაზრდებმა
მერე რა მოხდა, მერე რა მოხდა.

ფუძეს ანგრევენ,
იმ ფესვებს ჭრიან,
რომელითაც სუნთქავს კაცობრიობა,
მეცნიერება?...
სივრცეს გაცქერის...
ვაი რა მოხდა,
ვუი რა მოხდა.


15.თებერვალი.2014.

მუზები

თუ ვერ იქართველებ, ვერ შეკრავ კამარას,
გულში ვერ დაანთებ ცეცხლს,
თუ შენში სიყვარული არ არის ანკარა,
ვერც მოკლეს იტყვი, ვერც გრძელს.

მუზები არ მოდიან...?!  უწყრები სამყაროს,
დემონებს ადარებ მათ.
გინდა რომ მოვიდნენ, შეგკრან და გაწამონ,
ლექსი დაგაწურონ თან :)

მუზები "პოეტო", ჭრელი პეპლებია,
ფარფატით სტუმრობენ იქ,
სადაც სანთელია, სადაც ნათელია,
სადაც დარდია იქ. 

რა უნდა სინაზეს სადაც სიბნელეა,
სადაც სიყვარული გამხდარა ინსტიქტი,
სადაც მეგობარი გჭირდება "ზაპასად",
როცა გაჭირდება -  გასცე ვით პაიკი.

სამშობლო არ გიყვარს, არც ძმა არც მამიდა,
დედ-მამა გჭირდება ისიც კი დროებით,
შეყვარებული სხეულის ფხანადა,
რომ სურვილები გისრულოს ყოველთვის.

ამიტომ ვერქაჩავ, ვერა წერ, ვერ შვები,
მიტომაც ენდური ლექს....
მხოლოდ ამბიციით შეპყრობილი რჩები
უმუზოდ, ვერ ლიბრსა წერ. 

/კ.ჭიჭინაძე/
13.თებერვალი.2014წ.

ღვთისმშობლის საგალობელი

შენ გიგალობ დედაო ღვთისა.
ვენახო წმიდა, მშობელო ძისა.
დამბადებელო დამბადებლისა,
შენ დამტეველო დაუტევლისა.

შენ შვი უბიწომ მაცოცხლებელი, 
უბრალო, სათნო, სპეტაკი, ციდან..
ჩვენთა სულთთვის მავედრებელი, 
მიწის ცოდვების ჯვარი ვინც ზიდა.

შენც ჯვარცმული ხარ ღვთისა მშობელო
ტკივილის ჯვარზე ჯვარცმულო დედა
ქრისტიანელთა საგალობელო 
ცრემლით  ვღაღადებთ დიდება შენდა...

დიდება შენდა შენ კურთხეულო, 
მარად ქალწულო, შენ რძალო უსძლო.
შენ გამოიღე ნაყოფი წმიდა,
რომელმაც ბნელი ნათლობით დასძლო.

რომელმან სძლია სიკვდილს სიკვდილით,
აღდგომით ცვალა ბედი მოდგმისა
ტკივილის ცრემლი, ქრისტესთვის ღვრილი
ცრემლადვე გვექცა სიხარულისა.

დიდება შენდა ღმერთო მაღალო. 
შენდა დიდება  დედაო ღვთისა.
დიდება შენდა მხოლოდ შობილო.  
შენდა დიდება შენ სულო წმიდა.

4 თებერვალი, 2014

მაცხოვრის ხატის წინ

ვდგავარ მაცხოვრის ხატის წინ სანთლით,
ვერ ვუყრი სიტყვებს აზრების  წყობას,
როგორ ვთქვა, რა ვთქვა, ვიბნევი წამით
ვლუღლუღებ ისე ვით მუნჯი მონა.
                                    
                                  ***
მხოლოდ შენ იცი, რომ მე არასდროს,
საკუთარ თავზე არ  მითხოვია...
არ მიჩივლია არც უქონლობა...
არც ტიტულები არ მისურვია.

ისევ მოვედი რომ გთხოვო ერზე,
მიეც მათ რწმენა შენებ ულევი.
ვინც რომ გავიდა წუთი სოფლიდან
მოიხსენიე მათი სულები. 

მოგვეც ის გული, რომ ისევ შევძლოთ
ერთმანეთისა ჭირში გატანა.
მოგვეც ის სული რომ შევებრძოლოთ
რომ დავამარცხოთ ჩვენში სატანა.

სამშობლოსათვის თავის დადება
იყოს ყველასთვის ნატვრად ქცეული
ეს საქართველო კავკასიონზე
კვლავაც გვანახე გამარჯვებული.

რომ ისევ ერთად ჩამოჰკრან ზარებს
სამას სამოცდა ხუთი მონასტრის
დოდგორის მსგავსად ახალ გორაზე
ამოენათოს წმინდა გიორგის.

ისევ აქა ვარ შენი ხატის წინ
კვლავაც ვერ შევკარ სიტყვების კონა
ალბათ ნამუსი არ მაძლევს სათქმელს
როგორ გავბედო ამდენი თხოვნა.

რადგანაც ვიცი შენს სათუთ მხრებზე,
მსოფლიო ცოდვა აგკიდეს ჯვარად,
მოსულა ყველა გამოსარჩენად, 
გაჭირვებულთა რიგი დგას ჯარად

ამის შემყურემ რა გთხოვო ღმერთო
დაე, სახელმა შენმა იდიდოს
როგორ შეგთხოვო იზიდე მხრებზე
რაც ერში კაცმა უნდა იტვირთოს.

/კ.ჭიჭინაძე/
27.01.2014.

კაცმაცუნებს

გუშინ რომ ნაცებს აძლევდნენ, (ხმას რა თქმა უნდა)
დღეს ფიქრს მიეცნენ... ოცნებას...
ეგება ეხლაც გამოვრჩეთ,
ხელი გამოვკრათ ქონებას

"პროფკა" კაცუნა, ყოველთვის,
ნახულობს, ნახვრეტს ბოთლისას,
ყველას ერგება.. ყველა დროს..
მინის ქილას თუ კოკისას.

მიზანი არის დიადი
ოჯახი იყოს დაცული
სხვა თუ შიმშილობს ჰკიდია
სხვას მისდის გული და სული

დიდი კაცობის სახელით
შესვამენ სასმისს ფიალას,
აქებენ განადიდებენ
გული ჰქონია "კრიალა"

ნეტა უტვინო ქვეყანას
პროფკა რომ ჭკუას არიგებს
ნეტა ჩანჩურა ქვეყანას 
პროფკა რომ  გაიმაისებს
ნეტა იმ საწყალ ქვეყანას
ორ ხვრელზე გადის ფიქრები
ნეტა იმ მშიერ ქვეყანას 
ჯიპში რომ გაიზლიქნები...

21 დეკემბერი, 2013

არ მინდა ახალწელს მე სანტაკლაუსი

არ მინდა ახალწელს მე სანტაკლაუსი,
მე მინდა მეწვიოს აქ თოვლის ბაბუა,
კახეთში ძამიკო, პაპას რომ ეძახის,
წინ რომ მოუძღვება მას ჩიტი ღაბუა

იტყვიან მოძველდა ამის აზროვნება
იტყვიან ნუ უსმენთ მის აზრებს ობიანს,
იტყვიან შეხედეთ დროს როგორ ჩამორჩა...
იტყვინან მოუცავს კლაუს(ტრ)ო ფობიას

მე ვერ გავიგე ვინ არის კლაუსი,
ადრე ამბობდნენ რომ იყო მაქცია,
ბავშვებს აშინებდნენ გარეთ არ გახვიდეთ,
და დღეს ეს წმინდანად ნეტა ვინ აქცია?

უძირო, უჯიშო, მომავლის გარეშე,
არც ვიცით ჩვენ მისი ორიენტაცია,
არიგებს კამფეტებს გენომო ფოჩიანს
მის კოკა-კოლაზე დღეს არის ტაცია.

მგონი რაღაცით მაგონებს ....კრატიას
ისიც სიკეთით არის შემოსილი,
თაფლი მიირთვი.., პატრონს რას კითხულობ?!
(შიგნით, შხამია ოდნავ გარეული)

არ მოგკლავს, მიენდე, ოდნავ გაგაბრუებს
იქნები მორჩილი, მონა და ცხოველი,
თვალი , ყური და აზრი მოგატყუებს
მათ უნდათ მუშა და ვირი მშრომელი.

არ მინდა არც რუსი მე "ძედამოროზი"
არც  "სნეგუროჩკა" კოხტა და ლამაზი 
ისიც არ არის მომავლის მომცემი,
წრეს ურტყავს ნაძვის ხეს თამამი  გავაზი.

არიგებს საჩუქრებს, ნაძვის ხე დიდია,
ბრუნავს და ტრიალებს და მაგრა კიდია,
ვის აძლევს რას აძლევს, არ იცის თვითონ,
კარგი გამოუვა, ბზრიალი ვითომ? 

მე მინდა ახალწელს ქართული ბაბუა,
გვერდით რომ მოჰყვება ნიშანი მომავლის
პატარა ჭაბუკი... , ახალი თაობა...,
საჩუქრის რიგებით სულ ყველას დაუვლის

ბაბუა მაგონებს მე მამა ზეციერს,
ხურჯინით კი მოაქვს მადლი და წყალობა,
გვერდით მოყვება ძე მისი უბიწო,
ისმის მომავლის დიდების გალობა.

არ მინდა ახალწელს მე სანტაკლაუსი
არ მინდა მე კატა და მიკიმაუსი.

14 დეკემბერი, 2013